
ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის, რომელიც ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდა სურს.
წყაროს თანახმად, ფრანგი ფუნქციონერი ამ პუნქტს თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანს, ოფიციალურად კი 27 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გაახმოვანებს.
გარდა ამისა, პლატინიმ შესაძლოა, თეთრი ბარათი შემოიღოს, რაც მოედნიდან მოთამაშის ათი წუთით გაძევებას გულისხმობს. ფრანგის არჩევის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ტრანსფერები აიკრძალოს.